ძირითადი საგნების გარდა, მოსწავლეებს შემოქმედებითი და სხვა ტიპის განმავითარებელი მეცადინეობებიც უტარდებათ: მუსიკა, ხატვა, სიმღერა, კერამიკა, ჭადრაკი, ცურვა და აერობიკა. მათ ასევე შეუძლიათ სხვა ფიზიკურ აქტივობებშიც მიიღონ მონაწილეობა (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და მაგიდის ჩოგბურთი).

უკვე 2 წელია BGS-ში „დიალოგების“ პროექტი მუშაობს, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა აზროვნების უნარის განვითარებას და სწორი ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებას. სკოლის სხვადასხვა საფეხურზე შეხვედრები შემდეგი თემატიკით წარიმართება: I-V კლასები – მე და სამყარო; VI – VII კლასები – სიბრძნის სიყვარული; VIII – IX კლასები – ნაციონალური იდენტობა; X – XI კლასი – თანამედროვე გამოწვევები. გაკვეთილები სრულად ინტერაქტიულია.

მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაში ტარდება საგნობრივი გასვლითი გაკვეთილები და ექსკურსიები, ეწყობა ორკვირიანი გასვლები სამთო-სათხილამურო კურორტებზე და ყოველწლიურად იგეგმება ერთთვიანი გამგზავრება ინგლისის საზაფხულო სკოლებში სკოლის წარმომადგენლის თანხლებით.

სკოლა უზრუნველყოფს მასწავლებელთა სტაჟირებასა და მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ინგლისის ორ წამყვან სკოლასთან – სიდკოტთან და ლეიტონპარკთან.